20.3.15

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

"მე მინდა სწავლა! "- ეს წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია. ამ დღეს 21 მარტს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ განათლების, შრომისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უფლება. მთელ მსოფლიოში საშუალოდ ყოველი 800 ბავშვიდან ერთს დაუნის სინდრომი აქვს.
რა იწვევს დაუნის სინდრომს? - ამ კითხვაზე მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. პროცენტულად ხშირია შემთხვევები, როცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 35 წელს ზევით ასაკის მშობლებს უჩნდებათ. თუმცა, პირდაპირი კორელაცია ასაკსა და სინდრომის გამოვლენას შორის არ არსებობს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს სხვების მსგავსად შეუძლიათ სწავლა, გართობა, მუშაობა. ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. თუმცა, ამისათვის საჭიროა ბავშვის განვითარებაზე ორი-სამი თვის ასაკიდან ზრუნავდნენ. პედაგოგების მულტიდისციპლინარული გუნდი ცდილობს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განვითარების ასაკს მიუახლოვოს და დააწიოს. განვითარებულ ქვეყნებში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სხვებთან ერთად დადიან ჩვეულებრივ ბაღსა და სკოლაში, თამაშობენ და სწავლობენ სხვა ბავშვებთან ერთად. ინკლუზიური განათლების სისტემა საქართველოშიც ინერგება, ჩვენი სკოლაც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში.