დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა
28-11-2016
სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გავაზის სკოლაში ჩატარდა.
„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი ყვარლის მუნიციპალიტეტს, გამგეობას და საკრებულოს მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.
ყვარლის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.
ღონისძიებას ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს სკოლის ანსამბლი ''ანეთი'' ამხნევებდა.
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.
''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კუჭატნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი საიქვაძე დაეუფლა (83 ქულა).
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:
"როდესაც სასკოლო ტური გამოცხადდა 97% იყო ჩართულობა. ძალიან დიდი იყო აქტიურობა. ''ეტალონმა'' ზეიმი მოუწყო ბავშვებს, ჩვენ სულმოუთქმელად ველოდით ამ პროექტს. ულამაზესი ღონისძიება იყო. მონაწილეობდა მეორე ტურში სულ 56 ბავშვი. ''ეტალონი'' გავიწყებს ასაკს, იმდენად განუმეორებელი პროექტია. ბატონი გოჩა რომ შეუდარებელია, ეს არის აქსიომა და ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ძალიან მაღალი შედეგებით გამოირჩეოდნენ ჩვენი ბავშვები. მესამე ადგილზე გავიდა მოსწავლე, რომელიც არაქართველია. იგი ჯერ რუსულ სკოლაში სწავლობდა, მერე გადავაკეთეთ ქართულ სკოლად. მას უჭირს ქართულად მეტყველება, მაგრამ იმდენად გონიერი და განათლებული აღმოჩნდა, შეძლო მესამე ადგილზე გასულიყო. სწორედ ეს არის ''ეტალონის'' დამსახურება, რომ განურჩევლად ენისა, სქესისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა ბავშვი თანასწორია. თანასწორ პირობებში ხდება ბრძოლა. მადლობა მთელ თქვენს ჯგუფს, რომ ასეთ პროექტს ახორციელებთ."
''ყვარლის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გიორგი საიქვაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
http://www.etaloni.ge/geo/main/index/1058 სრული ინფორმაცია იხილეთ საიტზე etaloni.ge