13.12.12

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს

 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. 

როგორც მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ქეთრინ კემპმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩხიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პროექტის "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის" მიზანი დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. 

პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ მასწავლებლებს ინოვაციური ტრეინინგ-პროგრამა ჩაუტარდებათ. ასევე, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესული განვითარების პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცემათ.

პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით 121 სკოლას მიეცემა. შესაბამისი განაცხადი სკოლებმა დროულად გააკეთონ, სააპლიკაციო ფორმების მიღება  მიმდინარე წლის 17 დეკემბერს დაიწყება და  21 დეკემბერს დასრულდება.

ნათია რთველიაშვილი
წყარო:  http://mes.gov.ge/