სოციალურ მეცნიერებაში დღეისათვის ჩამოყალიბდა აზრი, რომ ერი განხილული უნდა იყოს როგორც ერთიანი, ცოცხალი და სულიერი ფენომენი, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილებები, მიზნები, ამოცანები და გეგმები აქვს; მათ დასაკმაყოფილებლად ერი გარკვეულ საქმიანობას ეწევა, მატერიალურ და სულიერ ფასეულობებს ქმნის. ყოველი ერის, როგორც ცოცხალი და სულიერი არსების მატერიალურ მხარეს მისი ხალხი, ტერიტორია და ეკონომიკა ქმნის, ფსიქიკურ ასპექტს კი - ენა, კულტურა, ტრადიციები და ისტორია. ერის სულიერება აღნიშნული ასპექტების ერთიანობაში ვლინდება, ერსაცა და ადამიანსაც, როგორც სულიერ არსებებს, აქვთ თავისი მე, უნიკალოობა და ავტობიოგრაფია. ადამიანი თავის პერსონიფიკაციას სახელის, გვარის და ეროვნების მიხედვით ახდენს. ერი კი თავისი პერსონიფიკაციას მეფის, პრეზიდენტის, პარლამენტის, ხელისუფლების და სხვა აქტიური სუბიექტის სახით ახდენს. ერი სხვა ერებთან და ადამიანებთან ურთიერთობას მათი საშუალებით ამყარებს. ურთიერთობის ფორმებს მათთან თანამშრომლობის პროცესში ირჩევენ, რაც მხოლოდ სულიერი არსებისათვის არის დამახასიათებელი; მათი შეხედულებებისა და ინტერესების შეუთანხმებლობას კონფლიქტები და ომები მოსდევს. ერი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში აგებს თავის საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არა აქვს შემუშავებული ნათელი ეროვნული პოლიტიკა, რის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი ერის მართვა და მისი სხვა სახელმწიფოთა ურთიერთობის სისტემაში ჩართვა. აღნიშნული ამოცანების შესრულების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა ქართველი ერის ბუნებისა და კულტურის თავისებურებათა გათვალისწინება. ქართველი ხალხის მორალური შეხედულებები და ცხოვრების წესი მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობით არის განსაზღვრული. მათ დაცვას ქართველი ერი თავის მოვალეობად თვლის. უკანასკნელ ხანებში ნათელი გახდა, რომ კულტურები, რომლებსაც სხვადასხვა ერები ქმნიან, განსხვავებულ პრინციპებზეა აგებული. მათში ინდივიდებსა და ერებს სხვადასხვა წვლილი შეაქვთ. დღეისათვის დასავლეთის ქვეყნების დიდი ყურადღება ადამიანთა უფლებების დაცვას ექცევა. ეს ორიენტაცია ამერიკიდან მოდის. აშშ, როგორც სახელმწიფო, სხვადასხვა ქვეყნებიდან გაქცეულმა ადამიანებმა შექმნეს. ზოგი დანაშაულის გამო დასჯას გაურბოდა, ზოგი კი თავისუფლებისა და კარგი ცხოვრების მაძიებელი იყო. მათ შეიმუშავეს სოციალური ურთიერთობის ახალი წესები, რომლის მიხედვით საზოგადოებაში ადამიანთა ძირითად საქმიანობად თავის დაცვა ითვლებოდა. მათი ურთიერთობის ფორმები და კულტურა ცალკეული ადამიანების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით აიგო. მათ ისტორიულ-ეროვნულ კუთვნილებასა და კულტურას მათი გადარჩენისათვის და ახალ საზოგადოებასთან შეგუებისათვის თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. მათთვის ეროვნულ და საზოგადოებრივ მოთხოვნებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რასაც სხვა ქვეყნებში ადამიანები მოვალეობის სახით განიცდიან. თავისუფლებისათვის ბრძოლა მათთან ადამიანთა უფლებების გაზრდასა და მოვალეობათა შემცირებაში გამოიხატა. ამერიკული კულტურა ინდივიდის უფლებების მოთხოვნათა საფუძველზე აიგო. დიდი წარსულის მქონე ერები თავისი ერისა და სოციალური ჯგუფების მოთხოვნებს მეტ მნიშვნელბას ანიჭებდნენ. ამიტომ იყო, რომ ადამიანთა უფლებების ქარტია ამერიკაში დაიწერა. მასში ადამიანთა მოვალეობებს თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცევა. სოციალურ ფსიქოლოგიაში კი კარგად არის ცნობილი, რომ მოვალეობათა გარკვეულ სისტემაში ცხოვრების გარეშე პიროვნების ფორმირება, ცხოველური დონის დაძლევა, სულიერ დონეზე ასვლა შეუძლებელია. ამიტომ უფლებათა დებულებებთან ერთად უნდა გაცნობიერდეს და ჩამოყალიბდეს მოვალეობათა სისტემა. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე გაჩნდა ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა შეთანხმების მცდელობები. მათი შეუთანხმებლობის შედეგია ბალკანეთის, კავკასიის და აღმოსავლური ქვეყნების კონფლიქტები. საქართველოში ადამიანის მოვალეობის განცდას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული კულტურა ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა გარკვეული დოზით გაწონასწორების საფუძველზეა აღმოცენებული. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ქართველი კაცი როგორც ინდივიდუალიზმის, ისე კოლექტივიზმის მაღალ მაჩვენებლებს იძლევა. იგი თავის უფლებებთან ერთად ერისა და საზოგადოების მიმართ ვალდებულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ადრე გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი ურთიერთის გამომრიცხავი თვისებები არ აღმოჩნდა. მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურა და ხელოვნება ნათლად გამოხატულ ეროვნულ ორიენტაციაზე იყო დაყრდნობილი. ერისათვის თავშეწირულ კაცს საზოგადოება გმირად თვლიდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მარქსიზმის გავლენით ჩვენში ანტიეროვნული ორიენტაცია გაძლიერდა. საქართველომ თუმცა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ეროვნული პოლიტიკის უქონლობის გამო ვერ მოახერხა თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოს აშენება. დღეისათვის საქართველოში მსგავსი სიტუაცია შეიქმნა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაშიც უდიდესი როლი მისმა პირველმა ხელისუფლებამ შეასრულა, მაგრამ ვერც პირველმა და ვერც შემდგომმა, ძალით მოსულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისუფლებისაკენ სვლა. ძალით მოსულმა ხელისუფლებამ დაკარგა ეროვნული ორიენტატცია და საერთოდ უარი თქვა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაზე; მან დამოუკიდებლობისაგან გაქცევის სამივე გზა გამოიყენა; მან სცადა რუსეთისაკენ, უკან დაბრუნება, ახალი, დასავლელი მფარველის მოძებნა და ნევროტული ფუსფუსი. მისი საქმიანობა წინასწარ მარცხისათვის არის განწირული. მან დაკარგა ეროვნული ორიენტაცია და დაემორჩილა გარე ძალების დიქტატს. მათი ზემოქმედებით აამოქმედა ისეთი კანონები, რამაც ეროვნული ეკონომიკა სავალალო დღეში ჩააგდო. ხელისუფლებამ გადაკეტა უცხოური ინვესტიციების გზა ქართველ ბიზნესმენებთან. მისი საქმიანობა მხოლოდ მისი ინტერესების დაკამყოფილებას ემსახურება. მან მოსპო ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების პირობები. ასეთივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფლის მეურნეობა. ხელისუფლებამ ვითომ თავისუფალი ბაზრის მოთხოვნის გამო გაავსო ჩვენი ბაზარი უცხოური, იაფფასიანი, ფალსიციფირებული პროდუქციით, რითაც ქართველი გლეხის პროდუქციას ჩვენს ბაზარზე გასვლის გზა გადაუკეტა. ამით საბოლოოდ გააპარტახა სოფლის მეურნეობა. თავისთავად ცხადია, რომ გარდამავალი პერიოდის გავლისა და თავისუფალი სახელმწიფოს აშენების შემდეგ შეიძლებოდა ქვეყნის თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა. ასევე კატასტროფამდე მივიდა ქვეყნის განათლების, ხელოვნების და მეცნიერების მდგომარეობა. ხელისუფლებამ ისინი ყურადღების გარეშე დატოვა. ამას მოყვა უცხოური კულტურისა და ხელოვნების მექანიკური გადმოტანა. კულტურათა შეჯახებას კი ყოველთვის მოსდევს მათი აგრესიული ასპექტების აქტივაცია და მისი განვითარების შეფერხება. მსოფლიოში დღეს დიდი ძალით ვრცელდება ე.წ. მასკულტურა, რომლისაგან თავის დასაცავად მოწინავე ქვეყნებში დიდი ღონისძიებები ტარდება. ახალგაზრდობა მოწყდა კულტურის იმ დონეს, სადაც ჩვენი წინაპარი მოვიდა. ეროვნული კულტურის დაცვა და დასავლეთის კულტურასთან თანამშრომლობა ჩვენი კულტურის მოღვაწეთა აუცილებელი ამოცანაა, მაგრამ ამ ამოცანის მიღწევაში ჩვენი ხელისუფლება არ ეხმარება კულტურის მოღვაწეებს. დღეისათვის ხელისუფლებამ ვერც სკოლას მოუარა. სწავლებისა და აღზრდის ნორმალური განხორციელება სკოლაში შეუძლებელი გახდა, სკოლაში გათბობის, ჰიგიენის, მასწავლებელთა ხელფასის საკითხები მოუგვარებელია. მოსწავლეთა ცხოვრებისა და უმაღლეს სასწავლებლებისათვის მომზადება ვერ ხორციელდლება. ხელისუფლების მიერ უმაღლესი სასწავლებლებიც უყურადღებოდ არის დატოვებული. ასეთივე მძიმე მდგომარეობაშია მეცნიერება. უმაღლესი დონის მეცნიერთა ხელფასი საარსებო მინიმუმის ნახევარზე ქვემოთაა. მეცნიერთა საქმიანობა ძირითადად ენთუზიაზმის საფუძველზე ხორციელდება. ქართველი ახალგაზრდობის სწრაფვა განათლებისა და მეცნიერებისაკენ თითქმის სრულიად გაქრა. ქართული ხასიათი და მენტალიტეტი არასასურველი მიმართულებით ვითარდება. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობისათვის საჭირო დარგები ინგრევა; სახელწმიფო კი არაფერს აკეთებს მათ გადასარჩენად. ქვეყნის შიგნით მდგომარეობა კატასტროფულია. აღნიშნულ მძიმე მდგომარეობას ისიც დაემატა, რომ ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება კორუფციის მასშტაბი. მის წინააღმდეგ სრულიად არასწორი და უეფექტო ბრძლა მიმდინარეობს. დაახლოებით 20 წლის წინათ ჩატარებული სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის მიხედვით ქართველი ხალხი 22 ღირებულებიდან ეროვნულ და სულიერ ღირებულებებს ანიჭებდა უპირატესობას. ახლახან ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით კი ჩვენი ხალხი სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან შედარებით მატერიალურ ფასეულობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ხელისუფლების ორიენტაციის გავლენით ეროვნული და სხვა სულიერ ღირებულებათა დაკნინების შედეგად ხალხი პირად და ოჯახურ ინტერესებზე ორიენტირებული გახდა. ამის შედეგად გაძლიერდა კორუფცია, რაც სწორედ პირად და ოჯახის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ემსახურება. დაკნინებულ სულიერ მოთხოვნილებებს აღარ შესწევთ ძალა დაუპირისპირდნენ და შეაჩერონ კორუფცია; მხოლოდ დასჯით კი ამორალურობისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საკმარის ეფექტს აღარ იძლევა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რაიმე მაღალი სულიერი ღირებულებების წინ წამოწევა, რის სამსახურშიც ხალხს გაუადვილდებოდა გაჭირვების ატანა. თუ საზოგადოებაში მხოლოდ მატერიალური და პირადი წარმატება ანიჭებს ადამიანს პრესტიჟულობასა და ღირსებას, მაშინ ადამიანი ძალიან ადვილად გარისკავს კორუფციაში ჩართვას. ხელისუფლების გავლენით ეროვნული და მატერიალური მოთხოვნილებები დაკნინდნენ, სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება გაძნელდა. დღეს ხალხის 70%-ზე მეტი ნევროტულ მდგომარეობაშია. ყოველივე ეს ხელს უწყობს კორუფციის აყვავებას. დღეს თვითონ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ხალხი აღიარებს ჩვენი საშინაო პოლიტიკის ჩავარდნას, მაგრამ ცდილობენ მოგვაჩვენონ, რომ ხელისუფლებას თითქოს წარმატება აქვს საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ საეჭვოა, რომ კატასტროფული საშინაო ვითარების დროს ხელისუფლებას წარმატებები ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში. |